понедельник, 19 ноября 2018 г.

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



საინფორმაციო ტექსტების გააზრება დაწყებით კლასებში“

             

                     საკუთარი  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



      ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის



           დაწყებითი კლასების მასწავლებელი  ნანი  დიმიტრაძე



                                2017 – 18 სასწავლო წელი



























                                             ს ა რ        ი :



1.      შესავალი ---------------------------------------------------------- -----------------        3

2.     კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები ------------------------------------         3  

3.     კვლევის მიზანი და გეგმა  ----------------------------- --------------------------        4

4.    ლიტერატურის მიმოხილვა -------------------------------------------------------       5

5.    საკვლევი პრობლემის არსის გაანალიზება --------------------------------------       7

6.    პრობლემის შინაარსის კვლევის ანალიზი --------------------------------------        9

7.    კვლევის მიგნებები    ---------------------------------------------------------------        9

8.    ინტერვენციის დროს გამოყენებული სწავლების მეთოდები, სტრატეგიები და მათი მოკლე აღწერილობა  -----------------------------------------------------------  10

9.    ინტერვენციის შეფასება ------------------------------------------------                       14

10.   რეკომენდაციები  -------------------------------------------------------                       15

11.   თვითკრიტიკა -----------------------------------------------------------                      15

12.  დასკვნა --------------------------------------------------------------------                     16

13.  კოლეგებისათვის კვლევის შედეგების გაზიარება -------------------                    17

14.  ბიბლიოგრაფია -----------------------------------------------------------                    17

15.  დანართები:

 დანართ 1.  კითხვარი მოსწავლეებისთვის ----------------------------------                    17

  დანართი 2. მოსწავლეთა ტესტების მუშაობის შედეგები ინტერვენციამდე -----    19

  დანართი 3. ცნების რუკების შაბლონები ---------------------------------------------    20

  დანართი 4. სქემა - „სიტყვის გამომძიებელი“ ---------------------------------------     21

  დანართი 5. სქემა - „სიტყვის პირამიდა“  -------------------------------------------       22

  დანართი 6. მოსწავლეთა ტესტირების შედეგები ინტერვენციის შემდეგ -----        22

  დანართი 7. გეგმა მოსწავლეთა ინტერვიუსთვის  --------------------------------       23

  დანართი 8. მასწავლებელთა ფოკუსჯგუფის გეგმა ------------------------------       23







                             1.  შ ე ს ა ვ ა ლ ი

 მოსწავლისათვის წაკითხული ტექსტი მაშინ იძენს მნიშვნელობას თუ იგი მისთვის გასაგები და საინტერესოა, მისთვის გასაგებია ის ლექსიკა, რომლითაც ტექსტია გადმოცემული. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფი, რომელსაც ვაწვდით ამათუიმ ინმორმაციას. გასათვალისწინებელია, რამდენად შეესაბამება შერჩეული ტექსტი და მასში გადმოცემული ინფორმაცია, ასევე გამოყენებული ლექსიკა მოსწავლეთა ასაკსა და მათი ინტერესის სფეროს.

  ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ავღნიშნავ, რომ მოსწავლეებს მხატვრულ ტექსტებთან შედარებით, განსაკუთრებით უჭირთ საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრება. სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარე მეც ამ საკითხისაკენ წარვმართე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა კი საუკეთესო საშუალებაა მასწავლებლის პროფესიული ზრდისა და ასევე მოსწავლეებში წიგნიერების კომპეტენციის ამაღლებისათვის.

 დავინტერესდი იყო თუ არა რაიმე სახის კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS (Progress in International Reading Literacy Study) უკვე სამჯერ ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა შეეფასებინა 9 – 10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი და ის ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა წიგნიერებაზე. აღმოჩნდა, რომ 2006 და 2011 წელს ქართველმა მოსწავლეებმა არც თუ ისე სახარბიელო შედეგი აჩვენეს, კერძოდ მსოფლიოს 45 ქვეყანას შორის ქართველი ბავშვების წიგნიერების საშუალო მაჩვენებელი - 488  მნიშვნელოვნად ჩამორჩება საერთაშორისო სკალირებულ მაჩვენებელს. უახლოესი კვლევის შედეგების მიხედვით 61 ქვეყნიდან საქართველო 51- ე ადგილზეა.  აგრეთვე კვლევამ ცხადყო, რომ მოსწავლეებს მხატვრულ ტექსტებთან შდარებით გაცილებით უჭირთ საინფორმაციო ტექსტების გააზრება. ისინი ვერ ახერხებენ გაანალიზონ ის ინფორმაცია, რომელიც ტექსტის შინაარსიდან გამომდინარეობს, მაგრამ მის ზედაპირზე არაა მოცემული

                      2. კვლევის მთავარი კითხვა და ქვეკითხვები
  ჩემს მიერ განხორციელებული კვლევის მთავარი კითხვაა: -  რა მიზეზები განაპირობებს მესამე კლასში საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრების პრობლემას? 
 ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დამეხმარება  მიზეზების შესაბამისი შემდეგი ქვეკითხვები:    
·         რა ტიპის ტექსტები აინტერესებთ მესამე კლასის მოსწავლეებს?
·         აინტერესებთ თუ არა მოსწავლეებს საინფორმაციო ხასიათის ტექსტები?
·         ტექსტების შერჩევისას ვითვალისწინებ თუ არა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს?
·         გასაგებია თუ არა მათთვის ტექსტებში მოცემული ტერმინოლოგია?
·         წინასწარ ვადგენ თუ არა მოსწავლეთა საჭიროებებს?
·         რამდენად ვფლობ მასალის მიწოდების მეთოდებსა და სტრატეგიებს, ვიყენებ თუ არა სწავლების თანამედროვე მეთოდებს?
·         რამდენად ვიზიარებ კოლეგების გამოცდილებას?
·         რა საკითხებზე უნდა გავამახვილო ყურადღება სამომავლოდ?
·         რა მეთოდებითა და სტრატეგიებით შევძლებ გადავჭრა საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემები?

                   
                               3.      კვლევის მიზანი და გეგმა
შევარჩიე რა საკვლევი თემა, ჩამოვაყალიბე კვლევის კითხვები, შევიმუშავე მიზანი და  სამოქმედო გეგმა.
კვლევის მიზანი:
·          მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტის გააზრების უნარის ხარისხის დადგენა;
·         საკვლევ საკითხთან დაკავშირებით ლიტერატურის დამუშავება;
·         თანამშრომელთა პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარება;
·         მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტის გააზრების უნარის გაუმჯობესება.
     
                                           სამოქმედო გეგმა:
   
·         თემასთან დაკავშირებით ლიტერატურის მოძიება, გაცნობა და ანალიზის გაკეთება;
·         ინტერვიუ მოსწავლეებთან -  რა ტიპის ტექსტები მოსწონთ და უადვილდებათ თუ არა საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობა; ანკეტური გამოკითხვა;
·         ფოკუსჯგუფი დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან  და მათი გამოცდილების გაზიარება;
·         მოსწავლეთა ინტერვენციამდე არსებული შედეგების ანალიზი
·         გააზრებული კითხვის სწავლების მეთოდების შერჩევა და ინტერვენციის განხორციელება;
·         იტერვენციის შედეგების ანალიზი;
·         რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნის გამოტანა.

                       
                 
                          4.   ლიტერატურის  მიმოხილვა
გასულ წელს გავიარე ტრენინგი,  რომლის მოდულის სათაური იყო „წიგნიერების კომპეტენციის განვითრება სადამრიგებლო საათებზე“ (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი სატრენინგო მასალას და ყურადღება გავამახვილე სწავლების იმ მეთოდებზე, რომლებიც მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტის უკეთ გააზრებაში დაეხმარებოდა.
  მოსწავლეებში წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე მუშაობისას უნდა მოხდეს ზრუნვა შემდეგ  კომპონენტებზე:
o   წაკითხულის განხილვა-გააზრება;
o   კითხვის ტექნიკის გაძლიერება;
o   ანალიზის, მსჯელობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
 საინფორმაციო ტექსტი და მასზე მუშაობის მნიშვნელობა სწავლა - სწავლების პროცესის ეფექტურად წარმართვის ერთერთ მთავარ სეგმენტს მოსწავლეებში წაკითხულის გააზრების უნარის გამომუშავება წარმოადგენს.  სწავლის საფუძველი კითხვის უნარია, რომლის ჩამოყალიბება სასკოლო პერიოდის პირველ ეტაპზე ხდება და ხელს უწყობს იმ სააზროვნო პროცესების განვითარებას, რომლებიც ეფქტური სწავლებისა და სწავლის წინაპირობაა ზოგადი განათლების მომდევნო საფეხურზე.
   უნდა აღინიშნოს, რომ პირველივე კლასიდან მცირე აღწერითი ტექსტების ხასიათი სწორედ საინფორმაციო ხასიათის ტექსტებთან ურთიერთობას აჩვევს მოსწავლეებს. პირველი კლასის სახელმძღვანელოში შეტანილი სურათის აღწერა სხვა არაფერია, თუ არა, საინფორმაციო ტექსტის შექმნა. სწორედ ამიტომ დაწყებითი კლასებიდანვე უნდა მიექცეს ყურადღება საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობისათვის საჭირო უნარების გამომუშავებას.
 მოსწავლეების უმეტესობას ხშირად საინფორმაციო ხასიათის ტექსტებთან მუშაობის სტრადეგიები არ უვითარდება. ისინი უმეტესად ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრებით შემოიფარგლებიან ვიდრე გაგება-გააზრებით.
 კითხვის ეფექტურ უნარებს ბავშვი თავისით ვერ ეუფლება, სხვადასხვა ტექსტებთან მუშაობისას მოსწავლეთა უმრავლესობას დახმარება სჭირდება. თითოეული მასწავლებელი უნდა ცდილობდეს ყოველ ბავშვში ეძიოს კარგი მკითხველი, დააკვირდეს საკუთარ მოსწავლეებს, რამდენად იგებენ, იაზრებენ ისინი სხვადასხვა  ტიპის ტექსტებიდან მიღებულ ინფომაციას, შეუძლიათ თუ არა ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემული ფაქტებისა და მოსაზრებების ერთმანეთთან დაკავშირება,  მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა და დასკვნების გამოტანა, ახერხებენ თუ არა საკუთარი აზრის ნათლად გამოხატვას.
 
                       

                              ტექსტის ძირითადი აზრის წვდომა
წაკითხულის გააზრებისა და ზოგადად, წიგნიერების განვითარებისთვის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მასწავლებლის მიერ შერჩეულ სწავლების მეთოდოლოგიას, კითხვისა და სწავლების გაუმჯობესებისათვის დაგეგმილ საკლასო და კლასგარეშე აქტივობებს. წაკითხულის გააზრების პრობლემა მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, ერთერთი მათგანი ტექსტის სირთულეა. რთული და ახალი ცნებებითა თუ სიტყვებით დათვირთული ტექსტი, გრძელი წინადადებებითა და წინადადებების რთული სტრუქტურით მოცემული ტექსტი პრობლემას უქმნის მკითხველს გააზრებაში. ამ პრობლემის დასაძლევად, აუცილებელია ტექსტის სირთულის შერჩევა მკითხველის კითხვის დონისა და ასაკის  შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ შერჩეული ტექსტი არც ძალიან მარტივი უნდა იყოს და არც ზედმეტად რთული. ამასთანავე შერჩეული ტექსტი საინტერესო უნდა იყოს მკითხველისათვის.
  მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტის გააზრების უნარის გამომუშავება საკმაოდ რთული და გეგმაზომიერი აქტივობებისა და სტრატეგიების მრავალჯერად გამოყენებას მოითხოვს მასწავლებლისგან.
   
 გაგება
 ბლუმის მიხედვით, გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა  გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას; კერძოდ:
ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერას;
ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნას მშობლიურ ენაზე;
ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემას;
სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანას;
შესაბამისი მაგალითის მოყვანას.

კვლევების თანახმად, დაწყებით საფეხურზე სწორედ ამ მიმართულებითაა მნიშვნელოვანი მუშაობა.

მომზადების ეტაპი
მასწავლებელმა კლასის ინტერესების, მზაობის და შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს საინფორმაციო ტიპის ტექსტი, რომელშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული განვითარების უახლოესი ზონა (განვითარების ამჟამინდელი/არსებული დონე  – ბავშვს დავალებების შესრულება დახმარების გარეშე შეუძლია; განვითარების უახლოესი ზონა –  გულისხმობს იმ ამოცანათა/მოქმედებათა ზედა ზღვარს, რომელთა შესრულებაც ბავშვს შეუძლია უფრო კომპეტენტური ადამიანის დახმარებით).
     ნანა ლომიძე თავის სტატიაში „გააზრებული კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე“ (2015წ. 27 აგვისტო) აღნისნავს, რომ განათლების რეფორმის ერთერთი მიზანი მოაზროვნე, აქტიური მკითხველის ჩამოყალიბებაა. ამისთვის ზრუნვა ადრეული საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ. თუ ბავშვს იმთავითვე გავუღვივებთ კითხვის სიყვარულს, იგი მას მთელი ცხოვრება გაჰყვება.
5.  საკვლევი პრობლემის არსის გაანალიზება
                                                  ჩართული დაკვირვება
  პრობლემის გამოკვეთის შემდეგ დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მესამე კლასში საინფორმაციო ტექსტების გაგება- გააზრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზები. დავიწყე ჩართული დაკვირვება მოსწავლეებზე. დიაგნოსტიკისათვის შევადგინე ღია დადახურულ ბოლოიანი ტესტები და ვაკვირდებოდი მათი მუშაობის პროცესს. ვაფიქსირებდი იმ შეცდომებს, რომლებიც მოსწავლეებს მუშაობის პროცესში ექმნებოდათ. ვაჯგუფებდი შეცდომის ტიპებს სირთულისა და სიხშირის მიხედვით:        
·         შეცდომები ტერმინების გაგება-გააზრების თვალსაზრისით;
·         შეცდომები დაფარული აზრის ამოცნობის თვალსაზრისით;
·         შეცდომები ფაქტობრივი ინფორმაციის გააზრების თვალსაზრისით.
  მოსწავლეებმა დაამუშავეს 12 ტესტი. დაკვირვება გრძელდებოდა დაახლოებით ოთხი კვირა. ტესტებზე მუშაობის შედეგების ანალიზს წარმოგიდგენთ შემდეგ თავებში.



ინტერვიუ
 კვლევისა და დაკვირვების პროცესში მნიშვნელოვანია მოსწავლის აზრი, მოსწავლის თვალით დანახული პრობლემის შინაარსი, თუ როგორ აღიქვამენ ისინი საინფორმაციო ტექსტებზე მუშაობისას წარმოქმნილ პრობლემას; რა ტიპის ტექსტები მოსწონთ და საერთოდ რა დამოკიდებულება აქვთ საინფორმაციო ტექსტების მიმართ. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის დასადგენად მივმართე დიალოგის თანამედროვე ფორმას იტერვიუს.
 წინასწარ მოვემზადე ინტერვიუსთვის, შევადგინე კითხვები, გამოვიყენე კითხვითი სიტყვები: როგორ ფიქრობთ?, რატომ მიგაჩნიათ?
 თავდაპირველად ავუხსენი რესპოდენტებს ინტერვიუს მიზანი. შევეცადე შეხვედრა ყოფილიყო ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული, ვაგრძნობინე მათ, რომ მათი აზრი მეტად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რათა მათი პასუხები ყოფილიყო გულწრფელი და მოსწავლეებს არ გაძნელებოდათ საკუთარი აზრის გამოხატვა. ვისმენდი თითოეული მოსწავლის მოსაზრებას, თუნდაც ყოფილიყო მიუღებელი. აგრეთვე ვცდილობდი არ გამომეხატა ჩემი პოზიცია ან ემოცია იმის გამო, რომ მოსწავლეებს არ გამოეთქვათ მხოლოდ ისეთი მოსაზრება, რომელიც ჩემთვის იქნებოდა მოსაწონი.
  ინტერვიუს ბოლოს მადლობა გადავუხადე მოსწავლეებს კვლევაში დახმარებისათვის.
  გავაკეთე ანკეტური გამიკითხვა მესამე კლასის მოსწავლეებთან. ( დანართი 1.)

                        ფოკუსჯგუფი დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან
  ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო  ჩემი კოლეგების დამოკიდებულება საკვლევ საკითხთან დაკავშირებით. სასკოლო ცხოვრების უკეთ წარმართვისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს სკოლაში კოლეგების თანამშრომლობას, აზრთა გაცვლას და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას. ამიტომაც გადავწყვიტე დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან ჩამეტარებინა ფოკუსჯგუფი. ფოკუსჯგუფის დროს კი რესპოდენტები უკეთ ავლენენ საკუთარ დამოკიდებულებას.
 კოლეგები გაგებით მოეკიდნენ ჩემს გადაწყვეტილებას, აღმოჩნდა, რომ თავადაც იყვნენ ამ საკითხით დაინტერესებული. ფოკუსჯგუფში მონაწილეობდა ხუთი მასწავლებელი. მათი საუბარი იყო გულახდილი და პირდაპირი. იმსჯელეს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით, გამოიკვეთა პრობლემები და მათი გადაჭრის ახალი სტრატეგიები, მეთოდები, რომლებიც სავარაუდოდ ამ პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა.


                       
                             6. პრობლემის შინაარსის კვლევის ანალიზი
  ჩემი კვლევის მთავარი მიზანი იყო დამედგინა ის მიზეზები, რომლებიც ხელს უშლიდა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტების გაგება-გააზრებაში. მოსწავლეებზე ჩართულლი დაკვირვების,მათთან ინტერვიუს,  ასევე მასწავლებლებთან გასაუბრების შედეგად  მივედი იმ დასკვნამდე, რომ ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები იგებენ ტექსტში მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას, უჭირთ დაფარული აზრის ამოცნობა; უჭირთ უცხო სიტყვებისა და ტერმინების გაგება-გააზრება და ხშირ შემთხვევაში დამახსოვრება. ცხადია თუ მოსწავლე ვერ იგებს უცხო სიტყვის მნიშვნელობას მას მისი დამახსოვრებაც გაუჭირდება; უჭირთ უცხო სიტყვებისათვის სავარაუდო განმარტებების დასახელება; უჭირთ ისეთი ტექსტების გაგება/დამახსოვრება, რომლებიც ელემენტარულ მეცნიერულ ტერმინოლოგიას შეიცავს; მათ დახმარება სჭირდებათ ფაქტების,  საგნების შედარება/შეპირისპირების შემთხვევაშიც.
   ზემოთ აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე მოვიკვლიე შესაფერისი მეთოდოლოგია, შევარჩიე სწავლების ის მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც ზემოთ გამოკვეთილი პრობლემების დაძლევაში დაეხმარებოდა მოსწავლეებს. კვლევის სამიზნე ჯგუფად კი ავიღე მესამე კლასის მოსწავლეები, სწორედ მეტწილად ამ კლასთან მიწევს მუშაობა.  კვლევა განვახორციელე 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში.

რაოდენობრივი მონაცემების წარმოდგენა ( ინტერვენციამდე)
როგორც  ზემოთ ავღნიშნეთ მესამე კლასის მოსწავლეები ოთხი კვირის მანძილზე მუშაობდნენ საინფორმაციო ხასიათის ტექსტების გაგება-გააზრებაზე, მუშაობდნენ ღია და დახურულ ბოლოიანი კითხვებით წარმოდგენილ ტესტებზე, რომლებიც დიაგნოსტიკისათვის გამოვიყენე. ტესტების ჯამური ქულა იყო 10.
  როგორც ზემოთ ავღნიშნე კლასში 8 მოსწავლეა, ტესტებზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ ორმა მოსწავლემ ანუ კლასის 25% - მა აჩვენა კარგი შედეგი,  ოთხმა მოსწავლემ, ანუ 50% - მა აჩვენა საშუალო შედეგი, ხოლო ორმა მოსწავლემ, ანუ 25% - მა აჩვენა საშუალოზე დაბალი შედეგი
(დანართი 2.)


                                   7. კვლევის მიგნებები
  მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
·         მოსწავლეებს მხატვრულ ტექსტებთან შედარებით უძნელდებათ საინფორმაციო ტექსტების გააზრება;
·         საინფორმაციო ტექსტების გააზრებას უმეტესად აბრკოლებს უცხო სიტყვებისა და ტერმინოლოგიის შინაარსის გაგება-გააზრება;
·         მოსწავლეები ძირითადად ამოიცნობენ ფაქტობრივ ინფორმაციას, უჭირთ დაფარული იდეის ამოცნობა;
·         უძნელდებათ მთავარი და მეორე ხარისხოვანი ინფორმაციის ერთმანეთისაგან გამიჯვნა;
·         აუცილებელია ისეთი აქტივობებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც ტექსტების გაგება-გააზრებაზე იქნება ორიენტირებული;
·         აუცილებელია მეტი თანამშრომლობა კოლეგებთან და მათი გამოცდილების გაზიარება.
მოსწავლეებს უჭირთ საინფორმაციო ტექსტების გააზრება. მათი ძირითადი დაბრკოლება უცხო სიტყვებისა და ტერმინების არცოდნაა, რაც აძნელებს საინფორმაციო ტექსტის გაგებასა და დაფარული აზრის ამოცნობას. მოსწავლეებს უძნელდებათ ვრცელი საინფორმაციო ხასიათის ტექსტებიდან მთავარი ინფორმაციის „გამოხშირვა“, აგრეთვე უძნელდებათ საგნებისა და მოვლენების შედარება-შეპირისპირება.
  საჭიროა ისეთი მეთოდების შერჩევა, რომლებიც გაუადვილებს მოსწავლეებს უცხო სიტყვებისა და ტერმინების გაგებას, შედარება-შეპირისპირების უნარის განვითარებას, საკვანძო სიტყვების ამოკრებას და რეზიუმირებას.

             
     8.ინტერვენციის დროს გამოყენებული სწავლების მეთოდები, სავარჯიშოები და  მათი მოკლე აღწერილობა
  1. სქემა - „ცნების რუკა“;
 2. სქემა - „სიტყვის გამომძიებელი“;
 3. მეთოდი - „მოუსმინე, წაიკითხე, იმსჯელე“;
 4. მეთოდი - „შეჯამება/რეზიუმირება“
 5. სქემა - „ვენის დიაგრამა“
  6. სქემა - „სიტყვის პირამიდა“
   7. სამუშაო ფურცლები - საინფორმაციო ხასიათის ტექსტებითა და დავალებებით

         

    ცნების რუკა  (ცნების რუკის შაბლონი დანართი - 3)
  ცნების რუკა არის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ახალი ცნების გაგება-გააზრებაში. ცნების რუკა მოითხოვს ისეთ კითხვებზე პასუხის გაცემას, როგორიცაა: „რა არის...?“, „როგორია...?’’, „რა თვისებები აქვს...?“,  „რა არის   .... ის მაგალითი“?
ცნების რუკა აღრმავებს აზროვნების პროცესს.
·         რისთვის ვიყენებთ ცნების რუკას?
ü  ეხმარება მოსწავლეებს ახალი ინფორმაციის ორგანიზებაში;
ü  ეხმარება მოსწავლეებს ძირითადი აზრის/იდეის გამოკვეთასა და ტექსტში მოცემული სხვა იფრომაციასთან დაკავშირებაში;
ü  ეხმარება მოსწავლეებს ადვილად გაიაზრონ ცნებები სხვა საგანში;

·         როდის ვიყენებთ ცნების რუკას?
ü  კითხვის პროცესში;
ü  ტექსტის წაკითხვის შემდეგ.


ü  ინდივიდუალური;
ü  მთელი კლასი.

                     
                                     მეთოდი - მოუსმინე, წაიკითხე, იმსჯელე
                                                       მეთოდის მოკლე აღწერა
  მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს ტექსტის გააზრებასა და გაგებაში. კითხვის დაწყებამდე მოსწავლეები უსმენენ მასწავლებლის მოკლე ლექციას, შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ ამავე თემაზე ტექსტს ან მონაკვეთს. კითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მთელ კლასში ან მცირე ჯგუფებში მართავენ დისკუსიას მოცემულ საკითხზე. დისკუსია მოიცავს შედარებას ლექციის შინაარსსა და წაკითხულს შორის. ეს არის აქტიური სწავლების სტრადეგია, რომელიც ერთ თემაზე განსხვავებული ინფორმაციის დაგროვებისა და განსხვავებული შეხედულებების გამოხატვის პროცესში რთავს მოსწავლეებს.
                
        მეთოდის დანიშნულება:                         
ü  ეხმარება მოსწავლეებს ზეპირი საუბრის გზით მოწოდებული ინფორმაციის გააზრებაში;
ü  ქმნის საბაზისო ცოდნას ტექსტის წაკითხვამდე
ü  საშუალებას აძლევს პრობლემურ მკიხველს ჩაერთოს დისკუსიაში

·         რომელ ფაზაზე ვიყენებთ მეთოდს?
ტექსტის წაკითხვამდე;
კითხვის პროცესში;
წაკითხვის შემდეგ

·         მეთოდის გამოყენების ფორმატი:

ü  მცირე ჯგუფები;
ü  მთელი კლასი.

                                   მეთოდი -  შეჯამება / რეზიუმირება
შეჯამება/რეზიუმირება ხელს უწყობს ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი იდეების/აზრების გამოკვეთას ტექსტში. ამასთან ერთად იგი გულისხმობს ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოხშირვას და იგნორირებას. და ბოლოს შეჯამება/რეზიუმირება არის გამოკვეთილი არსებითი იდეების შერწყმა, შეჯერება და გაერთიანება. მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრებაში.
·         მეთოდის დანიშნულება:
ü  ეხმარება მოსწავლეებს არსებითი იდეების გამოკვეთაში და იმ იდეების დეტალებით განმტკიცებაში.
ü  ეხმარება მოსწავლეებს მოცემულ ტექსტში იმ საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების კონცენტრირებაში, რომელთა გაგება და დამახსოვრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ü  მოსწავლეები სწავლობენ, როგორ დაიყვანონ დიდი მოცულობის ინფორმაცია მცირე ზომის ტექსტამდე, რომელიც თავისმხრივ ამ ინფორმაციის არსებით მხარეს ასახავს.
·         მეთოდის გამოყენების საფეხური: წაკითხვის შემდეგ.
·         მეთოდის გამოყენების ფორმატი:
ü  ინდივიდუალური;
ü  მცირე ჯგუფები;
ü  მთელი კლასი.
მსვლელობა: 
1.         ტექსტის წაკითხვა
2.        საკვანძო შეკითხვების დასმა: რა არის მთავარი?; რომელია ძირითადი დეტალები,
რომლებიც ამ აზრს ასაბუთებს?; რომელი ინფორმაციაა მნიშვნელოვანი და
რომელი ნაკლებად მნიშვნელოვანი.
3.       საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების გამოყენებით ტექსტის ძირითადი ელემენტების დადგენა.
    შეიძლება გამოვაკრათ მოკლე ინსტრუქცია:
1.       წაიკითხე ტექსტი,  მონიშნე (ხაზი გაუსვი) საკვანძო სიტყვები და ძირითადი გამოთქმები.
2.       ამოწერე ეს სიტყვები - „ძირითადი სიტყვები“
3.       დაწერე ამ ტექსტის შეჯამება, გამოიყენე რაც შეიძლება მეტი ძირითადი სიტყვა, სცადე რომ 20  სიტყვაში ჩაეტიო.

                 
                  სქემა „სიტყვის გამომძიებელი“ (დანართი 4)
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში ხელს უშლის არასაკმარისი ლექსიკური მარაგი, უცხო სიტყვებისა და ტერმინების არცოდნა, ამიტომ ტექსტის წაკითხვამდე სქემის „სიტყვის გამომძიებელი“ - ს გამოყენება საშუალებას იძლევა დავადგინოთ თუ რამდენად ესმით მოსწავლეებს ტექსტში მოცემული ტერმინები და საკვანძო სიტყვები.
    სიტყვებზე მუშაობის ეფექტური აქტივობაა ასევე სქემაზე  „სიტყვის პირამიდა“ მუშაობა  (დანართი 5 ) 
  ინტერვენციისას ასევე გამოვიყენე საინფორმაციო ტექსტის გააზრებაზე ორიენტირებული სამუშაო ფურცლები, რომლებიც მოვიძიე საიტიდან www.kargiskola.ge
  სამუშაო ფურცლებში მოცემულია ინფორმაციული ხასიათის ტექსტები და დავალებები. აქ მოცემული დავალებები დამეხმარა მრავალმხრივ დავკვირვებოდი მოსწავლეთა შედეგებს, ესენი: ტექსტის გაგება,  ლექსიკური მარაგი, ელემენტარული გრამატიკული საკითხების ცოდნა, წერითი უნარ-ჩვევები.
 გაგება - შეკითხვებს შეურჩიე სწორი პასუხი. დავალებებიდან ჩანს თუ რამდენად სწორად გაიგო მოსწავლემ საინფორმაციო ხასითის ტექსტი. იგი არკვევს თუ რომელ წინადადებაშია მოცემული ფაქტი, რომელში - მოსაზრება, რა არის ტექსტის მთავარი მიზანი, რომელი აზრი რომელ აბზაცშია გადმოცემული, პასუხობს კითხვებზე: ვინ?   რა? სად? რომელი? როგორი?და ა.შ.
 ლექსიკური სავარჯიშოები - მოსწავლეები აფიქსირებენ რომელი სიტყვაა განმარტებული. მოცემული სიტყვებისთვის არჩევენ მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს. მოცემული სიტყვათა ჩამონათვალიდან გამოყოფენ რომელია ზედმეტი სიტყვა ან რომელი აღნიშნავს ამათუიმ ქმედებას და ა.შ.
 გრამატიკული სავარჯიშოები - მოსწავლეები ავსებენ სიტყვანაკლულ წინადადებებს. წინადადებებში მოცემულ სიტყვებს სვამენ საჭირო ფორმით. წინადადებები გადაჰყავთ მრავლობით ან პირიქით მხოლობით რიცხვში. აფიქსირებენ რომელი სიტყვათა შეთანხმებაა სწორი და ა.შ.
   წერა - მოსწავლეები წერენ  თემიდან გამომდინარე თავიანთ მოსაზრებას. ქმნიან თხზულებას.  თხზულების მიხედვით ქმნიან ნახატს. სავარჯიშო ძირითადად ემსახურება წერითი და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

                       9. ინტერვენციის  შეფასება
Ø  რამდენად დაეხმარა მოსწავლეებს ჩემს მიერ შერჩეული სწავლების მეთოდები, სტრატეგიები და სავარჯიშოები მოსწავლეებს საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში?
Ø  როგორია მიღწეული შედეგების ხარისხი?
Ø  ავლენდნენ თუ არა მოსწავლეები ინტერესს შერჩეული მეთოდებითა და სტრადეგიებით ჩატარებული  აქტივობების მიმართ?
  ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გადავათვალიერე და შევაჯერე ის სამუშაო ფურცლები, რომლებზეც ვამუშავე მესამე კლასის მოსწავლეები. კვლევისთვის განსაზღრული დროის ბოლო პერიოდში ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტები, რათა გამეგო გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეთა საინფორმაციო  ტექსტებზე მუშაობის უნარ-ჩვევები. ტესტირებამ  მაჩვენა, რომ შედეგები შედარებით უკეთესი იყო, მაგრამ კვლავ საჭიროებს მუშაობის გაგრძელებას რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ.
 
  ასევე ჩავატარე ინტერვიუ მესამე კლასის მოსწავლეებთან. მინდოდა გამეგო თუ რამდენად იყვნენ კმაყოფილი გაწეული მუშაობით. მათ აღნიშნეს, რომ საინტერესო და სახალისო იყო მათთვის მასწავლებლის მიერ მიწოდებული სავარჯიშოები სხვადასხვა მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენებით. ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაეცნენ. ფიქრობენ, რომ უმეტესწილად აღარ გაუჭირდებათ ტექსტის გაგება-გააზრება.

  იტერვენციის შემდეგ ტესტირებით მიღებული შედეგების რაოდენობრივი მონაცემები.
ტესტის ჯამური ქულა იყო 10. 
8,9, 10 ქულა - შეფასდა როგორც კარგი;
5, 6, 7,  ქულა - საშუალო;
4 და 4 - ზე ქვევით - საშუალოზე დაბალი.
 8  მოსწავლიდან სამმა აჩვენა კარგი შედეგი - 37,5%;  ოთხმა მოსწავლემ საშუალო შედეგი - 50%;  ერთმა მოსწავლემ საშუალოზე დაბალი - 12,5%.     (დანართი 6.)
                                              10.  რეკომენდაციები
 1. საჭიროა მოსწავლეებს სისტემატიურად მივცეთ გაგება-გააზრებაზე ორიენტირებული, მრავალფეროვანი სავარჯიშოები;
  დაკვირვებამ დამარწმუნა რომ ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით აუცილებელია მოსწავლეები ვამუშაოთ სხვადასხავა ტიპის სავარჯიშოებზე, მივმართოთ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებსა და მეთოდებს, რათა სწავლების პროცესი არ იყოს ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი. ამასთანავე აუცილებელია გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობები და ინტერესის სფერო. არის აქტივობები, რომლებიც მოსწავლეთა ერთ ნაწილს გამოსდის კარგად, არის აქტივობები, რომლებზეც მუშაობა მოსწავლეთა მეორე ნაწილს ეხერხება. სხვადასხვა მეთოდებისა და აქტივობების მონაცვლეობა კი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენას და მათ განვითარებას. ასევე ხელს შეუწყობს მათი სუსტი მხარეების გაძლერებას და რაც მთავარია მრავალფეროვანი აქტივობები, სწავლების სტრატეგიები ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიაზრონ ესათუის ინფორმაცია.
 2. აუცილებელია შედეგებზე დაკვირვება, ანალიზი და ეფექტური უკუკავშირის მიცემა;
 აუცილებელია სისტემატიურად დავაკვირდეთ მოსწავლეთა შედეგებს და ვაწარმოოთ შედეგების ანალიზი,  დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები, რათა უკეთ დავგეგმოთ შემდეგი სამუშაო პროცესი. გამოვარკვიოთ რომელ უნარებში უჭირთ და ვიმუშაოთ ამ უნარების განვითარებაზე. სისტემატიურად გამოვიყენოთ დიაგნოსტიკური ტესტები. ასევე აუცილებელია მოსწავლეებს მივცეთ დროული და ეფექტური უკუკავშირი. წავახალისოთ ძლიერი მხარეები და მოვუწოდოთ სუსტი მხარეების გაუმჯობესებისაკენ.
 3) აუცილებელია მასწავლებელთა შორის მჭიდრო თანამშრომლობა.
 სასწავლო პროცესზე და სწავლების შედეგებზე დადებით ზეგავლენას ახდენს მასწავლებელთა მჭიდრო თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება. ფოკუსჯგუფის  დროს მიღებული რეკომენდაციები გავითვალისწინე კვლევის პროცესში.
                                                 
                                     
                                     11. თვითკრიტიკა
 როგორც ზემოთ ვღნიშნე სასწავლო პროცესსა და სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება სკოლაში კოლეგების თანამშრომლობა, როგორც ერთი კათედრის, ასევე მონათესავე კათედრებს შორის. კვლევის პროცესში ფოკუსჯგუფი ჩავატარე მხოლოდ დაწყებითი კათედრის წევრების მონაწილეობით. კარგი იქნებოდა ბუნებისმეტყველების კათედრიდანაც თუ მოვიწვევდი პედაგოგებს, რადგანაც მათ ძირითადად საინფორმაციო ხასიათის ტექსტებზე უწევთ მუშაობა და მათი გამოცდილებაც საგულისხმო იქნებოდა.
 ასევე ვფიქრო კარგი იქნებოდა დაწყებითი კლასების პედაგოგებს ერთად გვემუშავა და შერჩეული მეთოდებით ერთად დაგვეგეგმა კაგვეთილები, ხოლო გაკვეთილის ჩატარების შემდეგ შერჩეული მეთოდით მიღწეულ შედეგებზე გაგვკეთებინა შეფასება/ანალიზი.
  სამომავლოდ თუკი დავგეგმავ კვლევას აუცილებლად გავითვალისწინებ ამ ხარვეზებს.

                                                        
                                                     
                                                      12  დასკვნა                                     
 ჩემი კვლევის მიზანი იყო მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტების გააზრების ხარისხის დადგენა, პრობლემის გამომწვევი მიზეზების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების ძიება. კვლევა გრძელდებოდა 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, ოთხი თვე.
 საინფორმაციო ტექსტების გააზრების უნარის დასადგენად მივმართე დიაგნოსტიკურ ტესტებზე მუშაობას, ძირითადი პრობლემების გამოკვეთის შემდეგ დავსახე პრობლემის მოგვარების გზები, დავამუშავე მეთოდოლოგია, მოვახდინე ინტერვენცია და დავაკვირდი ინტერვენციის შემდგომ მოსწავლეთა საინფორმაციო ტექსტების გააზრების შედეგებს.
 კვლევის შედეგად მივედი იმ დასკვნამდე, რომ მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტების სათანადო გააზრებას შეიძლება ხელს უშლიდეს შემდეგი მიზეზები:
Ø  არასაკმარისი ლექსიკური მარაგი;
Ø  გააზრებული კითხვის უნარების არასაკმარისად ცოდნა;
Ø  ვრცელი ტექსტებიდან მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამიჯვნის უნარის არქონა;
Ø  ინფორმაციის არასათანადო გადამუშავება.

 კვლევის პროცესში დავრწმუნდი, რომ მოსწავლეებში საინფორმაციო ტექსტების გააზრების უნარი-ჩვევების ჩამოყალიბებაზე ზრუნვას ხანგრძლივი, სისტემატიური მუშაობა სჭირდება. საჭიროა სწავლის პროცესი გავამდიდროთ მრავალფეროვანი, მიზანმიმართული მეთოდებითა და სტრატეგიებით. ასევე აუცილებელია შედეგების დინამიკაზე  სისტემატიური დაკვირვება და ეფექტური უკუკავშირის მიცემა.
  კვლევის საფუძველზე შევიმუშავე მიგნებები და რეკომენდაციები, რომლებიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისადმი, კოლეგებისადმი. იმ შემთხვევაში თუკი ისინი წააწყდებიან  ანალოგიურ პრობლემას შეუძლიათ იხელმძღვანელონ ან უბრალოდ გაეცნონ ჩემი კვლევის მასალებს.

                     13.  კოლეგებისათვის გამოცდილების გაზიარება (რეფლექსია)     
   კვლევის დასრულების შემდეგ შევხვდი კოლეგებს და გავაკეთე ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. მათ გავაცანი კვლევის მიზანი, გეგმა, მთავარი კითხვები და ქვეკითხვები. გავაცანი აგრეთვე ჩართული დაკვირვების შედეგები, ინტერვენციამდელი შედეგები, რაოდენობრივი და რიცხვობრივი მონაცემებით. ვესაუბრე განხორციელებული ინტერვენციის შესახებ და წარვუდგინე მათ იტერვენციის შემდეგი შედეგების ანალიზი. გავუზიარე მათ ჩემი კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები.
  კოლეგებისგან მივიღე ძალზედ დადებითი უკუკავშირი. ისინი დაინტერესდნენ ჩემი კვლევის შედეგებით, მომიწონეს პრევენციის დროს გამოყენებული სწავლების მეთოდები და სტრატეგიები. გამოთქვეს დიდი სურვილი იმისა, რომ სამომავლოდ ერთად დავგეგმოთ კვლევა სხვა ამგვარ პრობლემატურ საკითხებზე. აღნიშნეს რომ აუცილებლად გაიზიარებდნენ ჩემს გამოცდილებას კვლევასთან დაკავშირებით.
                                         
                                             14.  ბიბლიოგრაფია

1.       https://www.scribd.com/document/331148683/ წიგნიერება-დაწყებით-კლასებში, ავტორები: ნ. ბესელია, პ. პაპავა.
2.       http://mastsavlebeli.ge/?p=4193 - საინფორმაციო - შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრების სწავლება დაწყებით საფეხურზე. 9 მარტი, 2015 წელი, ვერიკო სომხიშვილი .
3.       „წიგნიერების კომპეტენციის განვითრება სადამრიგებლო საათებზე“- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
4.       PIRLS -2016 საქართველოში წიგნიერების საერთაშორისო კვლევა.
5.       www.kargiskola.ge - ვებპორტალი, სადაც თავმოყრილია დაწყებითი 1-6 კლასების კითხვისა და მატემატიკის მრავალფეროვანი ინოვაციური/საგანმანათლებლო სწავლებისა და სასწავლო მეთოდური ინტერაქტიური რესურსები.



დანართი 1.  კითხვარი მოსწავლეებისთვის  წაკითხულის გააზრებასთან დაკავშირებით
როგორი ტიპის ტექსტები მოგწონთ?
Ø  საინფორმაციო  
Ø  მხატვრული
ახალი ტექსტის გაცნობა გსიამოვნებთ, როცა :
Ø  სხვა გიკითხავთ
Ø  როცა თვითონ კითხუობთ
შეგიძლიათ ტექსტის სათაურის მიხედვით ვარაუდების გამოთქმა?
Ø  დიახ
Ø  არა
Ø  ზოგჯერ
შეგიძლიათ პერსონაჟის საქციელსა და თვისებებზე საუბარი?
Ø  არა
Ø  ზოგჯერ

შეგიძლიათ წაკითხულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისა და მოსაზრების გამოხატვა?
Ø  დიახ
Ø  არა
Ø  ზოგჯერ
ცდილობთ განმარტოდ უცხო სიტყვები თქვენი ვარაუდის ან წინადადების შინაარსის მიხედვით?
Ø   დიახ
Ø  არა
Ø  ზოგჯერ
ცდილობთ უცხო სიტყვების მნიშველობის დადგენას?
Ø   დიახ
Ø  არა
Ø  ზოგჯერ

უცხო სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად:
Ø  მიმართავთ მასწავლებელს
Ø  სიტყვის მნიშვნელობას იძიებთ დამოუკიდებლად
Ø  არ ცდილობთ სიტყვის მნიშვნელობის დადგენას
შეგიძლიათ მოცემული სიტყვის მსგავსი ან საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვის დასახელება?
Ø  დიახ
Ø  არა
Ø  ზოგჯერ

შეგიძლიათ  წაკითხულის მიმართ შეკითხვების დასმა?
Ø   დიახ
Ø  არა
Ø  ზოგჯერ
ცდილობთ წაკითხული დააკავშიროთ პირად გამოცდილებასთან?
Ø  არა
Ø  ზოგჯერ

შეგიძლიათ ტექსტის მიხედვით  ილუსტრაციის შექმნა?
Ø  დიახ
Ø  არა
Ø  ზოგჯერ
ინფორმაციის გაგებას გიადვილებთ სქემებზე მუშაობა?
Ø   დიახ
Ø  არა
Ø  ზოგჯერ
როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო იმისათვის, რომ უკეთ გაიაზროთ წაკითხული?
------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------


 
დანართი 2
          მოსწავლეთა ტესტებზე მუშაბის შედეგები ინტერვენციამდე

მოსწავლეთა რაოდენობა
საშუალოზე დაბალი
საშუალო
    კარგი
2



            2



            4



საშუალოზე დაბალი - 25%                      საშუალო - 50%                                კარგი - 25%

 დანართი 3.
                                                                 ცნების რუკა №1
სიტყვა/ცნება
სურათი/ილუსტრაცია
განმარტება
მახასიათებლები/თვისებები


                                                         

                                                                          










დანართი  4.
                                       

      „სიტყვის  გამომძიებელი“ ( დანართი 4.)
სიტყვა ან ფრაზა
      ჩემი ვარაუდი
რას მეუბნება ლექსიკონი












               
   დანართი 5.                                         სიტყვის პირამიდა

   სიტყვა
                                                                                                                                                                             
მსგავსი მნიშველობის           
მქონე სიტყვა


წინადადება




დანართი 6.
                        მოსწავლეთა ტესტირების შედეგები ინტერვენციის შემდეგ

    
მოსწავლეთა რაოდენობა
საშუალოზე დაბალი
საშუალო
    კარგი
1



            3



            4




     

     
           საშუალოზე დაბალი - 12,5%           საშუალო- 50%              კარგი - 37%

  


 

დანართი 7. 
                       გეგმა მოსწავლეებთან ინტერვიუსთვის
1.       როგორი ტიპის ტექსტები მოსწონთ?
2.       როგორ ფიქრობენ, რა უშლით ხელს ტექსტის უკეთ გააზრებაში?
3.       არიდებენ თუ არა თავს უცხო სიტყვებსა და ტერმინებზე მუშაობას?
4.       შეუძლიათ თუ არა წაკითხულის მიმართ კითხვების დასმა?
5.       მოსწაონთ თუ არა აქტივობები, რომლებზეც ხშირად უწევთ მუშაობა?
6.       მოსწონთ თუ არა საინფორმაციო ხასიათის ტექსტებზე მუშაობა?

დანართი 8.
                            მასწავლებლებთან ფოკუსჯგუფის გეგმა
1.       კოლეგებისთვის შეხვედრის მიზეზის გაცნობა;
2.       პრობლემის გამოკვეთა,  გადაჭრის გზების ძიებაზე მსჯელობა;
3.       ძირითადი საკითხის მიგნება და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გამოცდილების გაზიარება, პრობლემის მოგვარების სავარაუდო გზების დასახვა.





                            

Комментариев нет:

Отправить комментарий